„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპი ევროკავშირს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას სთავაზობს ჰორმუზის სრუტის საკითხში დახმარების სანაცვლოდ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას სთავაზობს ჰორმუზის სრუტის საკითხში დახმარების სანაცვლოდ, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები საფრანგეთში გამართულ სამიტზე ირანისა და უკრაინაში ომის გამო ტრამპთან მწვავე დაპირისპირებისთვის მომზადებულები ჩავიდნენ, თუმცა წყაროების თქმით, მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ, მათ მოულოდნელი ოპტიმიზმი გამოხატეს ტრამპთან ურთიერთობის მიმართ და ნაკლებად შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, ჩაიშლებოდა თუ არა მომავალ თვეში თურქეთში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი.
საბოლოოდ, ტრამპმა ლიდერებს განუცხადა, რომ ის გაზრდის ზეწოლას რუსეთზე, რათა შეწყვიტონ უკრაინაში მიმდინარე ომი, თუმცა სანაცვლოდ ითხოვს, რომ მოკავშირეები ჩაერთონ ირანთან შეთანხმების სტაბილიზაციაში.
„პოლიტიკო“ ასევე წერს შეთანხმების მონახაზებზე, რომლის მიხედვითაც ტრამპი მხარს დაუჭერს ევროპას უკრაინის საკითხში, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპული დახმარების სანაცვლოდ.
„ტრამპს დასჭირდება „დიდი შვიდეულიდან“ მისი მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნების რესურსები ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გასაწმენდად. არსებობს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ის მხარს დაუჭერს უკრაინას. ზუსტად ეს უთხრა მან ლიდერებს“, – აღნიშნა წყარომ.
წყაროს ცნობით, სანაცვლოდ დონალდ ტრამპს მოკავშირეები დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებიან რიგ საკითხებში ირანთან მიმართებით.