პოლიციამ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
პოლიციამ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

პოლიციამ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ორი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 2 პირი დააკავეს.

სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში დააკავეს თ.ღ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება მეორე პირს – 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ რ.მ.-ს, იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყებუის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი