პოლიციამ მარნეულში მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ფ.დ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, ქ. მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ვ.ო. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.