პოლიციამ ლისის ტბასთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
პოლიციამ ლისის ტბასთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის 6 ოქტომბერს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

„დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულია ხუთი პირი. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, დაუსწრებლად პასუხისგებაში მიცემულია: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, იარაღის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით, იძულებით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მათ გ.ვ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაულის მოტივი გახდა ერთ-ერთ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მკვლელობის წინა დღეს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. ვინაიდან ხუთივე ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, მათზე გამოცხადებულია ძებნა. მათი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.