პოლიციამ კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1978 წელს დაბადებული დ.ბ., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1949 წელს დაბადებულ გ.ნ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა.

დაშავებული გ.ნ. სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი