პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამი პირი დააკავა
პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამი პირი დააკავა

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია სამი პირი, – აცხადებენ შსს-ში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი – 1995 წელს დაბადებული ფ.ა., 1998 წელს დაბადებული ე.მ და 2001 წელს დაბადებული ქ.ო. დააკავეს.

ფ.ა.-ს და ქ.ო.-ს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო ე.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებს, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ნაცნობთან 1984 წელს დაბადებულ რ.ზ.-სთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფ.ა.-მ, რომელიც ქ.ო.-სთან და ე.ა.-სთან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში იმყოფებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რ.ზ.-ს ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.ზ. სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-ტარებისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად, ისეთი საშუალებით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, სსკ-ის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.