პოლიციამ 2 აპრილს თბილისში მკვლელობისა და დაჭრის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი დააკავა, სულ დაკავებულია რვა პირი
პოლიციამ 2 აპრილს თბილისში მკვლელობისა და დაჭრის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი დააკავა, სულ დაკავებულია რვა პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბლისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს, თბილისში მომხდარი ორი პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი – წარსულში ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული გ.ა., განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ ამავე ბრალდებით 8 აპრილს დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 1993 წელს დაბადებული გ. მ. და 1991 წელს დაბადებული ა.ბ. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცველებს მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ რვა პირი დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.