პოლ პოგბას ძმას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა ფეხბურთელის მოტაცების საქმეში #1TVSPORT
ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ძმას პატიმრობა მიუსაჯეს ფეხბურთელის მოტაცების გამო.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბრიდან პარიზში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი პოლ პოგბას მოტაცებისა და მისთვის 13 მილიონი ევროს გამოძალვის საქმეზე. ერთ-ერთი ბრალდებული იყო მისი ძმა მატია პოგბა.
პროკურატურამ მატიასთვის სამწლიანი პატიმრობა (2 წელი – პირობითი) მოითხოვა, რომელიც შეიძლებოდა შეცვლილიყო შინაპატიმრობით ან ელექტრონული სამაჯურის ტარებით. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ხუთი წევრისთვის ბრალდების მხარე ითხოვდა ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას.
როგორც ონლაინ-გამოცემა RMC Sport იტყობინება, მატია პოგბას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, აქედან ორი წელი პირობითი სასჯელია. მას აგრეთვე დააკისრეს 20 ათასი ევროს ოდენიბის ჯარიმის გადახდა.
დანარჩენმა ხუთმა მიიღო ერთიდან რვა წლამდე პატიმრობა. გარდა ამისა, ისინი დაჯარიმდნენ 20-დან 40 ათასამდე ევროთი და მათ 10 წლით აეკრძალათ იარაღის ტარება.