პოლ ჯორჯმა სადებიუტო მატჩში 33 ქულა ჩააგდო, კავაიმ კი კვლავ დაისვენა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 6 შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ მეორე მატჩი წააგო „კლიპერსმა“.

ლოს ანჯელესელები „ჰიუსტონის“ შემდეგ „ნიუ – ორლეანთანაც“ დამარცხდნენ (132-127). თუმცა, ლოს „კლიპერსის“ ფანებისთვის დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული სხვა რამით იყო. გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა პოლ ჯორჯმა, რომელმაც ტრავმა სრულად მოირჩინა. ჯორჯმა 33 ქულა დააგროვა, თუმცა მისი კარგი თამაში დოკ რივერსის გუნდისთვის საკმარისი არ გამოდგა.

კვლავ დაისვენა კავაი ლეონარდმა. 31 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუ ვილიამსმა. ორლეანელთა რიგებში ბრწყინვალე მატჩი გამართა ჯრუ ჰოლიდეიმ. მის ანგარიშზე 36 ქულაა.

20 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დერიკ ფეივორსმა. მომდევნო მატჩს „კლიპერსი“ 17 ნოემბერს საკუთარ კედლებში „ატლანტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.