პოლ ჯორჯის 36 ქულა „ინდიანასთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი ცხრა შეხვედრა გაიმართა.

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ საკუთარ არენაზე „კლიპერსს“ უმასპინძლა. ლოსანჯელესელები კავაი ლეონარდის გარეშე თამაშობდნენ, თუმცა მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ლეონარდის არყოფნაში ლიდერობა პოლ ჯორჯმა იტვირთა. მის ანგარიშზე 36 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასია.

26 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა მატჩი მონტრეზლ ჰარელმა. „პეისერსის“ რიგებში კვლავ არ მიეცა სათამაშო დრო გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე სულ 2:10 წუთით გამოჩნდა და ბუნებრივია ამ დროში ვერაფერი ღირებულის გაკეთება ვერ მოასწრო. ინდიანელთა შორის ყველაზე შედეგიანი 20 ქულით მალკოლმ ბროგდონი გამოდგა. 18 ქულითა და 22 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა. 17 ქულა ჰქონდა მაკდერმოტს. „ინდიანა” 15 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. „კლიპერსი“ კი დასავლეთ კონფერენციაში 18 მოგებითა და 7 მარცხით მეორე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 12 დეკემბერს კვლავ შინ „ბოსტონთან” გამართავს.

ბოსტონი – კლივლენდი 110-88

ჩიკაგო – ტორონტო 92-93

ჰიუსტონი – საკრამენტო 118-119

მილუოკი – ორლანდო 110-101

ნიუ ორლეანი – დეტროიტი 103-105

ფინიქსი – მინესოტა 125-109

იუტა – ოკლაჰომა 90-104

გოლდენ სტეიტი – მემფისი 102-110