პოგბა კრიტიკოსებს პასუხობს - „მე ფულს ლაპარაკში არ მიხდიან“
პოგბა კრიტიკოსებს პასუხობს - „მე ფულს ლაპარაკში არ მიხდიან“

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გუნდის ყოფილ კაპიტან როი კინს უპასუხა და განაცხადა, რომ კრიტიკოსებს შეუძლიათ თქვან ყველაფერი, რაც სურთ. ირლანდიელმა იუნაიტედის ფრანგი ლეგიონერი მკაცრად გააკრიტიკა და იქამდეც კი მივიდა, რომ მას ლამის გუნდის მთავარი პრობლემა უწოდა.

მიუხედავად ამისა, პოგბა, რომელმაც ამ სეზონში 16 გოლი გაიტანა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში იქნა შეყვანილი, განაცხადა, რომ მსგავს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს.

„რა პრობლემაა?“ – უთხრა მან ჟურნალისტებს ჩელსისთან მატჩის (1:1) შემდეგ, – „მათ ფულს იმაში უხდიან, რომ კამერის წინ აზრები გამოთქვან, მე კი იმისთვის, რომ მოედანზე ვიყო და მატჩზე ვიფიქრო“.

ევერტონთან გამანადგურებელი მარცხის (0:4) შემდეგ, პოგბამ საჯაროდ მოუხადა ბოდიში გულშემატკივრებს და განაცხადა, რომ გუნდმა უპატივცემულობა გამოიჩინა მათ მიმართ. ამ განცხადებას კინმა მკაცრი პასუხი იმავე დღეს გასცა:

„მისი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. მათ უკან არანაირი აზრი არ დევს. იმისიც კი არ მჯერა, რომ თავად სჯეროდა საკუთარი სიტყვების. ის დიდი პრობლემაა და ამაში ეჭვი არ არის“, – განაცხადა კინმა.