პოგბა იძულებული იქნება ხელფასის შემცირებას დათანხმდეს
პოგბა იძულებული იქნება ხელფასის შემცირებას დათანხმდეს

პოლ პოგბა იძულებული იქნება ხელფასის შემცირებას დათანხმდეს, თუ ამ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედიდან რეალ მადრიდში გადავა. როგორც ი-ეს-პი-ენი (ESPN) იუწყება, მადრიდული სამეფო კლუბი არ არის მზად, ფრანგ ფეხბურთელს იგივე ხელფასი მისცეს, რასაც ის მანჩესტერში იღებს (კვირაში 335 000 ევრო).

ამავე დროს, იუნაიტედთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ პოგბა ამ ზაფხულს არსად წავა, მიუხედავად მისი სანტიაგო ბერნაბეუზე გადასვლასთან დაკავშირებით განუწყვეტელი სპეკულაციებისა. ამ თემასთან დაკავშირებით როგორც თავად პოგბამ, ასევე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრეს და აშკარაა, რომ ფეხბურთელსა და რეალ მადრიდს შორის ურთიერთსიმპათია არსებობს.

პოგბას წასვლა-არწასვლას ასევე უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა-არგასვლის საკითხს. იმისათვის, რომ ყველაზე მთავარ საერთაშორისო ევროპულ საკლუბო ტურნირზე მოხვდეს, გუნდმა სეზონი პირველ ოთხეულში უნდა დაასრულოს, რაც უკანასკნელ ტურში ჩელსისთან ნათამაშევი ფრის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღა რჩება, არც თუ სავარაუდოა.

ამჟამად იუნაიტედი მეექვსე ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ არსენალს ერთი, ხოლო მეოთხეზე მყოფ ჩელსის სამი ქულით ჩამორჩება.