პიტერ სტანო - ევროკავშირი აღიარებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ არჩევანს
პიტერ სტანო - ევროკავშირი აღიარებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ არჩევანს

ევროკავშირი აღიარებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებასა და არჩევანს, – აცხადებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი პიტერ სტანო.

eurointegration.com.ua-ს ცნობით, ასე გამოეხმაურა სტანო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს „ასოცირებული ტრიოს“ ჩამოყალიბებას, რათა სამი ქვეყნის თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის კუთხით გაძლიერდეს.

„ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებასა და არჩევანს. ეს ქვეყნები არიან ევროკავშირის ახლო მეზობლები და პარტნიორები. ყველა ჩვენი მეზობელი არის სუვერენული და დამოუკიდებელი. ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და სტრატეგიულ მიზნებს, კერძოდ მათ მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სტანოს თქმით, ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების დახმარებით, რომელშიც შედის თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებაც, „იზიარებს მისწრაფებას“, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნებთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ.

„ევროკავშირის თითოეულ ამ ქვეყანას უჭერს მხარს რეფორებისა და გარდაქმნის პროცესში, მნიშვნელოვან დროს, ფინანსებს და ტექნიკური დახმარებას აბანდებს, რათა უზრუნველყოს ხელშესახები სარგებელი და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ასოცირების შეთანხმებების სრულ იმპლემენტაციაზე, რათა სრულად იყოს გამოყენებული ამ შეთანხმებების შესაძლებლობები“, – აცხადებს პიტერ სტანო.