პიტერ სიიარტო - უნგრეთი მზად არის, გააგრძელოს უკრაინის ფინანსური დახმარება ორმხრივად, თუმცა არ დათანხმდება ევროკავშირის ერთობლივ სესხზე
პიტერ სიიარტო - უნგრეთი მზად არის, გააგრძელოს უკრაინის ფინანსური დახმარება ორმხრივად, თუმცა არ დათანხმდება ევროკავშირის ერთობლივ სესხზე

უნგრეთი მზად არის, გააგრძელოს უკრაინის ფინანსური დახმარება ორმხრივად, თუმცა არ დათანხმდება ევროკავშირის ერთობლივ სესხზე. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ცენტრალური ევროპული ინიციატივის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ეხმარება უკრაინას მრავალი გზით გაცილებით დიდ ხანს, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ თავს ახლა უკრაინის „საუკეთესო მეგობრებად“ წარმოაჩენენ.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთის მთავრობამ დახარჯა ასობით მილიონი ევრო უკრაინაში ჯანდაცვის, განათლების, კულტურული ინსტიტუტებისა და ეკლესიების მხარდაჭერაზე და ამას აკეთებდა ომის დაწყებამდეც. მისი თქმით, ერთობლივი სესხის გამოყოფა უკვე მოხდა კორონავირუსის პანდემიის დროს, რაც იყო არაეფექტიანი.

„ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ფინანსური მხარდაჭერა ორმხრივ საფუძველზე, უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. თუმცა, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ევროკავშირის რამე სახის ერთობლივ სესხს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ. ჩვენ დავუჭირეთ მხარი ერთობლივ სესხს კორონავირუსის პანდემიის დროს და ეს იყოს საკმარისზე მეტი“, – განაცხადა სიიარტომ.

ევროკომისია მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც მომავალ წელს უკრაინისთვის ყოველთვიურად ფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ევროკომისია საკანონმდებლო ინიციატივას მიმდინარე კვირაში წარადგენს.