პიტერ სიიარტო - სასიხარულოა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით უცვლელი რჩება
პიტერ სიიარტო - სასიხარულოა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით უცვლელი რჩება

3 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სიიარტომ ქართველ კოლეგას საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით უცვლელია. უნგრეთი კვლავ განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად, რომელშიც ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას“, – აღნიშნავს სიიარტო.

მისივე განცხადებით, კოლეგებმა ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზეც.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი, სადაც აღვნიშნე, რომ ვაფასებ საქართველოს განზრახვას, შუამავლობა გასწიოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის“, – ნათქვამია მიმართვაში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.