პეტერ მადიარი – უნგრელებმა ევროპას უთხრეს „დიახ“, უნგრეთი აღარ იქნება ქვეყანა შედეგების გარეშე, ისინი, ვინც ქვეყანას ძარცვავდნენ, პასუხს აგებენ

02:36, 13.04.2026

უნგრელებმა ამ ხმის მიცემით ევროპას უთხრეს „დიახ“, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

პეტერ მადირმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობა დიდი ამოცანის წინაშე დგას და შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდა, დღეს მშვიდობიანად იზეიმონ, ხვალიდან კი ქვეყნის „განკურნება“ დაიწყონ.

ამასთან, მისივე თქმით, პარტია „ტისა“ ყოველდღიურად იმუშავებს, რათა გაამართლოს ის ნდობა, რომელიც გამარჯვებით მიიღო.

პარტია „ტისას“ ლიდერი უნგრეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოუწოდებს, თანამდებობის ოფიციალურად დატოვებამდე არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მის მუშაობას შეაფერხებს.

გარდა ამისა, მადიარმა აღნიშნა, რომ ორბანის მთავრობის „მარიონეტები“ უნდა წავიდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტები კი უნდა შეიცვალოს. ის მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ უნგრეთის დემოკრატიას აღადგენს.

ამასთან, მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთი „აღარ იქნება ქვეყანა შედეგების გარეშე“, ისინი კი, ვინც „ქვეყანას ძარცვავდნენ, პასუხს აგებენ“.

პარტია „ტისას“ ლიდერი ბუდაპეშტში შეკრებილ მხარდამჭერებს დაჰპირდა, რომ ევროკავშირსა და უნგრეთის მოქმედ მთავრობას შორის მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ ის ქვეყანას ევროკავშირისკენ მიაბრუნებს.

პიტერ მადიარის განცხადებით, ახალი მთავრობა უნგრეთს ევროკავშირის სასამართლო სისტემაში კვლავ ჩართავს.

„უნგრეთი კვლავ ევროკავშირისა და ნატო-ს ძალიან ძლიერი მოკავშირე იქნება. უნგრეთი, 1 000 წელია, ევროპაშია და იქ დარჩება“, – აღნიშნა მადიარმა.

ამასთან, მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის რანგში ის ჯერ – პოლონეთში, შემდეგ – ვენაში, ბოლოს კი ბრიუსელში აპირებს გამგზავრებას.

მედიის ცნობით, პიტერ მადიარის სიტყვით გამოსვლის დროს მისი მხარდამჭერები სკანდირებდნენ: „რუსებო, წადით სახლში“, „ევროპა“.

ცნობისთვის, ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

მსგავსი