პეტერ მადიარი – ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

02:25, 13.04.2026

ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, – ასე მიმართა მხარდამჭერებს პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა.

მადიარის განცხადებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში „ტისამ“ და უნგრეთმა გაიმარჯვეს, რაც, მისივე თქმით, ხალხის გარეშე ვერ მოხდებოდა.

როგორც „ტისას“ ლიდერი აცხადებს, დემოკრატიული უნგრეთის ისტორიაში ამომრჩეველთა ასეთი დიდი რაოდენობა არასდროს ყოფილა.

„„ტისამ“ არა მხოლოდ მოიგო არჩევნები, არამედ ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი, ორმესამედიანი უმრავლესობა გვექნება. ეს ნიშნავს ძალაუფლების მშვიდ და ეფექტიან გადაცემას“, – განაცხადა პიტერ მადიარმა.

მისივე თქმით, უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რეჟიმმა „ტისას“ შესაჩერებლად, პარტიის წინააღმდეგ ყველა საშუალება, მათ შორის დაზვერვის სამსახურიც გამოიყენა.

მადიარი აცხადებს, რომ „სიმართლემ ტყუილზე გაიმარჯვა“ და უნგრელებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ არ შეეშინდათ.

„დღეს სიყვარულმა გაიმარჯვა, რადგან სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“, – აღნიშნა მადიარმა.

ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

მსგავსი