პიტერ ჰუსტრა - დროა, არველაძეც ევროპაში დაბრუნდეს
პიტერ ჰუსტრა - დროა, არველაძეც ევროპაში დაბრუნდეს
ტაშკენტის „ფახტაკორში“ შოთა არველაძის ასისტენტმა პიტერ ჰუსტრამ განაცხადა, რომ დროა, ქართველი სპეციალისტი ევროპაში დაბრუნდეს – ამის შესახებ ჰოლანდიის ნაკრებისა და „რეინჯერის“ ყოფილმა მოთამაშემ შოტლანდიურ „სანთან“ ინტერვიუში ილაპარაკა.
 
„მსურს, რომ ერთ დღეს „აიბროქსზე“ დავბრუნდე. როდესაც „რეინჯერსში“ ჩაირიცხები, სამუდამოდ ამ ოჯახის ნაწილი ხდები. ეს კავშირი ახლაც ძალიან მტკიცეა. ამავე განცდას ჩემს თავსაც ვატყობ და შოთა არველაძესაც. ჩვენ უზბეკეთში ძალიან წარმატებულად ვიმუშავეთ – ბევრი გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე და შოთა ახლა ევროპაში დაბრუნებას ვისურვებდით – იდეაში, სასურველი დიდ ბრიტანეთში მუშაობა იქნებოდა და იგივე წარმატების მიღწევას შევეცდებოდით. დროა, არველაძეც ევროპაში დაბრუნდეს“ – ამბობს პიტერ ჰუსტრა.
„სანი“ ქართულ-ჰოლანდიურ დუეტზე წერს: „ბოლო ორი წელიწადი ჰუსტრამ ტაშკენტის „ფახტაკორში“ „აიბროქსის“ კიდევ ერთ ფავორიტთან, შოთა არველაძესთან ერთად გაატარა. დუეტი უკიდურესად წარმატებული აღმოჩნდა და მათ ახალი კონტრაქტი დაუდეს. ამასთან, 52 წლის მწვრთნელი გრძნობს, რომ ახლა შესანიშნავი დროა, რომ დაბრუნდეს შოტლანდიაში, სადაც თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში“.