პირველი სრული მატჩი „ვალენსიაში“ - მამარდაშვილი ესპანეთში პოზიციას იმყარებს #1TVSPORT
პირველი სრული მატჩი „ვალენსიაში“ - მამარდაშვილი ესპანეთში პოზიციას იმყარებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კანდიდატმა, გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ პირველად ითამაშა სრული შეხვედრა, რომელშიც მისი გუნდი გიორგი აბურჯანიას ყოფილ კლუბს, „კარტახენას“ დაუპირისპირდა.

„ვალენსიას“ ლა ლიგა2-ის წარმომადგენელმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია. „ღამურებმა“ მეტოქეს ამხანაგური მატჩში „ანტონიო პუჩადესის სტადიონზე“ დახურულ კარს მიღმა უმასპინძლეს.

ანგარიში „კარტახენას“ მოთამაშე რუბენ კასტრომ 48-ე წუთზე გახსნა. „ვალენსიამ“ წონასწორობა დენის ჩერიშევის (56) გოლით მალე აღადგინა, ომარ ალდერეტემ (59) სამ წუთში გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო ჯეისონმა პენალტით „ვალენსიას“ უპირატესობა გაზარდა. საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე ედუმ დააფიქსირა და მამარდაშვილსი გუნდმა 3:2 მოიგო.

გიორგიმ გუნდი 28-ე წუთზე აშკარა გოლისგან იხსნა, როდესაც კარის წინ ბურთი 7-8 მეტრში რუბენ კასტრომ მიიღო, მაგრამ მამარდაშვილმა ძალიან კარგი რეაქცია გამოავლინა და დარტყმა მოიგერია. ქართველმა კიპერმა 41-ე და 45-ე წუთებზეც საიმედოდ ითამაშა, მაგრამ გოლების დროს გუნდი ვერ გადაარჩინა – ეს მცველების შეცდომის ბრალი იყო. 59-ე წუთზე კი პირისპირ გასულ თავდამსხმელს ფეხებში ჩაუხტა და ბურთი ააცალა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე ზაფხულში „ვალენსიას“ პირველი ტრანსფერი იყო. მამარდაშვილი მომავლზე გათვლით აიყვანეს, მაგრამ ორი ძირითადი მეკარე იასპერ სილესენი და დომენეკ ხაუმე ტრავმირებვულები არიან და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ბერძნულ „ატრომიტოსთან“ ქართველი ათამაშა და კმაყოფილი დარჩა.

გიორგის ახლა აკვირდებიან და ფიქრობენ, მისი „ვალენსიას“ შვილობილ გუნდში გაშვება, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს, რამდენად გამართლებული იქნება.