პირველი სამწვრთნელო ცვლილება ელიგაში - ჭაღიაშვილმა „ლოკომოტივი“ დატოვა #1TVSPORT
პირველი სამწვრთნელო ცვლილება ელიგაში - ჭაღიაშვილმა „ლოკომოტივი“ დატოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა – თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა დატოვა. ინფრომაციას გუნდის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ქუთაისის „ტორპედოსთან“ მარცხის შემდეგ ლაშა ჭაღიაშვილმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. დიდი მადლობა ლაშა“, – ასე დაემშვიდობა კლუბი ჭაღიაშვილს.

იგი „ლოკოს“ სამწვრთნელო შტაბში 2014/2015 წლების სეზონიდან მუშაობს. იყო ასაკობრივი გუნდების მწვრთნელი, ასევე საფეხბურთო აკადემიის დირექტორი, მთავარი მწვრთნელიც. შემდეგ გახდა გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტი, რომლის წასვლის შემდეგაც მთავარი მწვრთნელის პოზიცია დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრა „ტორპედოსთან“ 2:4 წააგო. 6 ტურის შემდეგ კლუბი უქულოდ ბოლო ადგილზეა.

გუნდში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ შესაძლოა, ჭაღიაშვილმა „ლოკომოტივში“ მუშაობა სხვა როლში განაგრძოს. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ მოესწრება თუ არა დანიშვნა შემდეგ ტურამდე, ეს უცნობია.

„ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგის შემდეგ შეხვედრას 11 აპრილს „მიხეილ მესხის არენაზე“ გამართავს – მე-7 ტურის მატჩში თბილისური გუნდი გორის „დილას“ ორშაბათს, 19:00 საათზე დაუპირისპირდება.