პირველი ოვერტაიმი ევრობასკეტზე - საქართველოს ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის გახსნით მატჩში ბელგიასთან ითამაშა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 79:76.

როგორც ყველა პირველი მატჩი, ეს შეხვედრაც მეტად მძიმე გამოდგა. სპორტულ თამაშზე მეტად ნერვების თამაში იყო, რომელშიც მთელი 35 წუთის განმავლობაში ბელგიელები იმარჯვებდნენ. მათ სამ პერიოდში 9 სამქულიანი ჩააგდეს, პირველივე ათწუთეულში მოპოვებულ უპირატესობას მძიმედ, მაგრამ მაინც ინარჩუნებდნენ. მეოთხე პერიოდში ათი ქულითაც იგებდნენ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მთელი თამაში ოპტიმალურ ხუთეულს ეძებდა, მაგრამ ვერ მიაგნო. კომბინაციური თამაში არც ერთ გუნდს გამოსდიოდა და არც მეორეს. მეთხე პერიოდის დასაწყისიდან ილიას ზუროსმა მაინც მოძებნა ხუთეული, რომელმაც თამაში შემოატრიალა: მაკფადენი, ჯინჭარაძე, სანაძე, მამუკელაშვილი, ბითაძე.

ქართველებმა კარგი გაქცევა მოაწყვეს და 67:62 დაწინაურდნენ. თუმცა ბოლო წუთებზე კოჭი ეტკინა გოგა ბითაძეს და დიდი სურვილის მიუხედავად მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბელგიელები არ დანებდნენ – 70:70 და ოვერტაიმი.

დამატებით დროში მატჩის ბედი მაინც სამქულიანმა გადაწყვიტა – საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ბელგიელმა ჯონათან ტაბუმ გამარჯვება ბელგიას მოუტანა – 79:76.