პირველი მოგება ქალთა ერთა ლიგაზე - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა #1TVSPORT
პირველი მოგება ქალთა ერთა ლიგაზე - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურში, თბილისში ლუქსემბურგს დაპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

ამ მატჩამდე ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ორი ქულით ბოლო ადგილზე იყო, ლუქსემბურგი კი ოთხი ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი მატჩამდე იმედოვნებდა, რომ გუნდი ჯგუფში პირველ მატჩს მოიგებდა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენა, ლუქსემბურგელებმა კი ხუთწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ.

პირველი ტაიმის მიწურულს სტადიონზე განათება გამოირთო და თამაში შეწყდა. უეფა-ს დელეგატთან კონსულტაციის შემდეგ შეხვედრა, დაახლოებით, ერთ საათში მიხეილ მესხის  სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 43-ე წუთიდან განახლდა. რადგან გუნდებმა სტადიონი შეიცვალეს, საქართველოს პირველ არხზე რეპორტაჟი ამიტომაც ვერ გაგრძელდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მეტოქეს დიდი ძალებით შეუტია და თამაშის შემოტრიალებაც მოახერხა.

67-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე ხატია ჭყონიამ წონასწორობა აღადგინა, მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ნინო ბუხრიკიძემ მესამე გოლი გაიტანა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე ნათია დანელიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2, და საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრები ხუთი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ირის ანტმანის გუნდი 5 დეკემბერს სტუმრად, თურქეთის ნაკრების წინააღდმეგ ჩაატარებს.