პირველი გოლი გერმანიაში - ჩაკვეტაძემ „ჰამბურგი“ ვერ გადაარჩინა #1TVSPORT
პირველი გოლი გერმანიაში - ჩაკვეტაძემ „ჰამბურგი“ ვერ გადაარჩინა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ გერმანიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ „ჰამბურგის“ წაგებისგან ვერ გადაარჩინა. ქართველის გუნდმა მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურში „პადერბორნს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

„ჰამბურგს“ ლიდერებთან ჩამორჩენის შესამცირებლად და პლეი ოფში მოსახვედრად 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდა. სამწუხაროდ, გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია. 61-ე წუთისთვის სტუმრები დენის სრბენის დუბლით (1, 61) დაწინაურდნენ. წინა მატჩებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების შემტევი ამჯერად „ჰამბურგის“ სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა.

გიორგიმ 90+3-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 22 წლის ქართველმა შემტევმა გერმანიაში პირველად გაიტანა – მან შორიდან დაუმიზნა და მართალია, დარტყმა ძლიერი არ იყო, მაგრამ მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და კარის ხაზი გადაკვეთა.

ჰამბურგმა“ მეტი ვეღარ მოახერხა და საშინაო მარცხით (1:2) ლიდერებთან ჩამორჩენა კიდევ უფრო გაზარდა. ჩაკვეტაძის გუნდმა 28 ტურის შემდეგ (ერთი მატჩი მარაგში აქვს) 42 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა. ლიდერთა სამეულს (სამი გუნდი 51-51 ქულით ლიდერობს) საგრძნობლად ჩამორჩება.

გიორგიმ „ჰამბურგში“ მე-7 შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ბოლოს თავი 2021 წლის 27 ოქტომბერს „გენტში“ გამოიჩინა, სადაც ბელგიის თასზე დაბალი ლიგის „ბელისიას“ გაუტანა.