პირველი გამოცდა ფიფა-ს საფეხბურთო აგენტებისთვის - ლიცენზირების პროცესი დაიწყო #1TVSPORT
პირველი გამოცდა ფიფა-ს საფეხბურთო აგენტებისთვის - ლიცენზირების პროცესი დაიწყო #1TVSPORT

ფიფა-ს საფეხბურთო აგენტების ლიცენზირების პირველი გამოცდა სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ფიფა-ს საფეხბურთო აგენტების ლიცენზირება ახალი დებულებების შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც 2022 წელს დაინტერსებულ მხარეებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა. ღონისძიებას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრო და ლიცენზიების მაძიებელ საფეხბურთო აგენტებს წარმატება უსურვა.

ახალი დებულების თანახმად, დაინერგა მომსახურების სტანდარტები აგენტებისა და მათი კლიენტებისთვის, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს საფეხბურთო აგენტების სავალდებულო ლიცენზირების სისტემას და ადგენს ფიფა-ს საფეხბურთო აგენტისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარს.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პუნქტი – ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, საფეხბურთო აგენტებს აეკრძალებათ მრავალმხრივი წარმომადგენლობა, რაც საკონტრაქტო მდგრადობის გაძლიერებასა და ტრანსფერების სისტემის მთლიანობის დაცვას ემსახურება.

ლიცენზირების გამოცდა საქართველოში პირველად ჩატარდა. ფიფა-სთან ერთად ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე წელს საფეხბურთო აგენტების ლიცენზირების კიდევ ერთი გამოცდის ჩატარებას გეგმავს. ლიცენზიის მსურველებს გამოცდის ჩაბარება ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენაზე შეუძლიათ.

2023 წლის 1 ოქტომბრიდან საფეხბურთო საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ ლიცენზირებულ საფეხბურთო აგენტებს ექნებათ.