პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე – საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა 3:0.
საქართველო – ბულგარეთი 3:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (30). 2:0 გაგნიძე (44. დავითაშვილის პასით), 3:0 მიქაუტაძე.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (82. ლომინაძე), გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, ნ. გაგნიძე, ქოჩორაშვილი (77. მამუჩაშვილი), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (82. ლობჟანიძე), კვარაცხელია (კაპ. 77. გულიაშვილი), მიქაუტაძე (77. ზივზივაძე).
ბულგარეთი: ვუტსოვი, ნ. მინკოვი (46. ნურბეგერი), დიმიტროვი, ბოჟინოვი, ნედიალკოვი, ა. კრაევი (46. გრუევი), ცენოვი, მ. პეტკოვი (80. შოპოვი), მალინოვი (კაპ. 67. ჩოჩევი), კირილოვი, ვლ. ნიკოლოვი (67. კოლევი).
გაფრთხილება: მექვაბიშვილი (3), ლოჩოშვილი (9), ცენოვი (18), პეტკოვი (39), კრაევი (45+1), დიმიტროვი (53).
არბიტრი: გლენ ნიბერგი (შვედეთი).
„დინამო არენზე“ გამართულ შეხვედრაში ვილი სანიოლმა კვლავ 4-მცველიანი სქემით ითამაშა, მაგრამ გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და მასთან ერთად გიორგი წიტაიშვილიც თადარიგში დატოვა და სასტარტო თერთმეტეულში ნიკა გაგნიძე და ირაკლი აზაროვი ათამაშა. დაცვის ცენტრში კი გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი დააყენა. გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა.
პირველ წუთებში ბულგარელებმა მწვავე კონტრშეტევით კინაღამ ანგარიში გახსნეს – ორიოდე მეტრიდან მარინ პეტკოვის თავური დარტყმისას გიორგი მამარდაშვილმა აშკარა გოლისგან გვიხსნა. მალე სტუმრებიც მეკარემ გადაარჩინა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კაკაბაძემ მწვავედ შეუტია.
„ჯვაროსნებმა“ უპირატესობა მოიპოვეს და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. ეს ხვიჩა კვარაცხელიამ ინდივიდუალურად მოახერხა – ჯერ მცველის შეცდომით ისარგებლა, მერე კი კარში დაარტყა, მეკარემაც არადამაჯერებლად ითამაშა და – 1:0.
43-ე წუთზე მიქაუტაძისა და დავითაშილის მიერ სწრაფად განვითარებული შეტევა ნიკა გაგნიძემ დააგვირგვინა და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 2:0.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები დიდი უპირატესობას დაეუფლა, ბულგარელები კი თითქოს ბედს შეეგუვნენ და 64-ე წუთზე მესამე გოლიც გაუშვეს – გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და მორიგი, 21-ე სანაკრებო გოლით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, შოთა არველაძეს (26) კიდევ უფრო მიუახლოვდა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა, ორი ტურის შემდეგ, ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად, სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.