პირველი არხის მაყურებელი თბილისის ძიუდოს გრან-პრის პირდაპირ ეთერში იხილავს
პირველი არხის მაყურებელი თბილისის ძიუდოს გრან-პრის პირდაპირ ეთერში იხილავს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრებმა თბილისის გრან-პრისთვის მზადება დღეიდან უკვე სრული შემადგენლობით დაიწყეს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირაკლი ცირეკიძის გადაწყვეტილებით შეკრებას გაფართოებული შემადგენლობა გაივლის, მათ შორის არის ის 28 ძიუდოისტი, ვინც თბილისში უნდა იჭიდაოს. 
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა გუნდში ცვლილებაა. თბილისში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს. პაპინაშვილმა 60 კგ. წონით კატეგორიაში ამირან დარბაისელი შეცვალა.

ჯერ ისევ გაურკვეველია იჭიდავებს თუ არა ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონატს რადგან მწვრთნელებმა გუნდში მოხვედრის შანსი მას ეკატერინბურგში მისცეს, მაგრამ შეჯიბრი ძიუდოისტმა წარუმატებლად დაასრულა და კონტინენტის პირველობის საგზურისთვის ბრძოლა მას უკვე თბილისში მოუწევს.
კვლავ გაურკვევევლია ბექა ღვინიაშვილის გამოსვლის საკითხი. ირაკლი ცირეკიძე სამედიცინო შტაბის პასუხის მოლოდინშია.ღვინიაშვილმა ფეხი თებერვალში პარიზში დაიზიანა და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.
რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს. მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებას მან საკუთარი ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული კომენტარით დაასწრო, სადაც ლიპარტელიანი შეჯიბრის გამოტოვების მიზეზებზე საუბრობს:-“ჩემთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ქართველი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა, მაგრამ სამწუხაროდ, თბილისის გრან-პრის გამოვტოვებ. მიზეზი ტრავმაა. როგორც ექიმებმა მითხრეს უმჯობესია დავისვენო და სარეაბილიტაციო პერიოდი გავიარო, რადგან წინ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებია. სარეაბილიტაციო კურსი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი მსუბუქ ვარჯიშს დავიწყებ. ევროპის, ან მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ოპერაციის გაკეთება მომიწევს”-ნათქვამია ლიპარტელიანის განცხადებაში.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდი ძიუდოს აკადემიაში ივარჯიშებს. გრან-პრის გათამაშება თბილისის “ოლიმპიურ სასახლეში” 30 მარტს დაიწყება და 1 აპრილს დამთავრდება. წინასწარი მონაცემებით თბილისის ტატამზე 39 ქვეყნის 335 ძიუდოისტი იჭიდავებს. შეჯიბრის ფინალურ ბლოკს პირველი არხის მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.