პირველი არხის ექსკლუზივი - თბილისში „ვილიარეალის“ აკადემია იხსნება #1TVSPORT
პირველი არხის ექსკლუზივი - თბილისში „ვილიარეალის“ აკადემია იხსნება #1TVSPORT

2021 წელს ქართულ ფეხბურთში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ჯერ იყო და მილანის „ინტერის“ საფეხბურთო აკადემია დაფუძნდა, ხოლო წელი ასევე მნიშვნელოვანი ამბავით დასრულდა და ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, რომ უახლოეს პერიოდში „ვილიარეალის“ საფეხბურთო სკოლა „ვილიარეალი საქართველო“ გაიხსნება, – ინფორმაცია გიორგი შანიძემ დაგვიდასტურა, რომელიც სკოლის დირექტორი გახდება.

„უკვე შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში „ვილიარეალის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ესპანეთში ვიყავი და ესპანურ გუნდთან თანამშრომლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამუშაოები უკვე დაწყებულია, საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე თბილისში ესპანეთის ნაკრების ყოფილი წევრი და „ვილიარეალის“ ყოფილი კაპიტანი მარკოს სენა და კლუბის წარმომადგენლები გვესტუმრებიან, ხოლო აკადემიის ამოქმედება გაზაფხულზე იგეგმება“, – ამბობს გიორგი სანიძე.

მისი თქმით, საფეხბურთო აკადემიისთვის ადგილი უკვე შერჩეულია.

„ადგილი შერჩეულია და იმედი გვაქვს, რომ ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ. მაგრამ სანამ სტადიონის თაობაზე საიჯარო ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ, მანამდე ლოკაციას ვერ დავასახელებ. არაა გამორიცხული, რამდენიმე ლოკაციაც გვქონდეს – თბილისის გარდა, ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გადაწყვეტის ფაზაშია“.

მისი თქმით, მთავარი ამ საკითხში ევროპულ ბაზართან დაკავშირებაა.

„ჩვენი ყველას ამოცანა ქართველი ფეხბურთელების ევროპულ ბაზარზე გაყვანა და მათთან მჭიდრო კავშირების დამყარებაა. მიხარია, რომ ამ საკითხში ჩემი წვლილი შევიტანე, რადგან საწვრთნელი პროცესის წარმართვაში ესპანური გუნდის მწვრთნელები დაგვეხმარებიან, მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე მონაწილეობას შევძლებთ, ბავშვებს და მწვრთნელებს სტაჟირებაზე წავიყვანთ“.