პირველი ამხანაგური მოგებულია - ქეცბაიას „ანორთოსისში“ ყველა ქართველმა ითამაშა [ვიდეო]

თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც მინიმალური ანგარიშით მოიგო.

„ანორთოსისი“ საკუთარ სტადიონზე „აპოლონს“ დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ გუნდის ყველა ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო – გიორგი ლორიამ 58-ე წუთზე შეცვალეს, მურთაზ დაუშვილმა მოედანი 88-ე წუთზე დატოვა, თორნიკე ოქრიაშვილმა და ნიკა კაჭარავამ სათადარიგოთა სკამზე შესვენების შემდეგ გადაინაცვლეს.

სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელმა მიხალ დურიშმა 59-ე წუთზე პენალტი გამოიყენა – ეს იყო ერთადერთი გოლი მატჩში, რომელშიც მასპინძლებმა გაიმარჯვეს – 1:0. სტუმრებს გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ 90-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში დანიშნული პენალტი „აპოლონის“ მოთამაშემ ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს მოარტყა.

ანგარიშის გახსნა მეოთხე წუთზე ნიკა კაჭარავას შეეძლო, მაგრამ ახლოდან მისი ქუსლით დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა. რამდენჯერმე საქმეში მეკარე გიორგი ლორია ჩაერთო. 87-ე წუთზე მეტოქის მეკარის შეცდომით სარგებლობა შეეძლო მურთაზ დაუშვილს, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა.