პირველად საქართველოში - სამწვრთნელო კურსი ფუტსალელებისთვის
პირველად საქართველოში - სამწვრთნელო კურსი ფუტსალელებისთვის

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „უეფას“ (UEFA) მწვრთნელთა განათლების ფუტსალის „ბ“ ლიცენზიის კურსი გაიმართება. აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოში პირველად ჩატარდება, რომელიც ექვს მოდულს მოიცავს.

სასწავლო კურსის პირველი მოდული 28, 29 და 30 მაისს ჩატარდება, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილებაა.

ლიცენზირების პროგრამას „უეფას“ ფუტსალის ექსპერტი მიჩო მარტიჩი გაუძღვება, ტუტორები კი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი და მისი თანაშემწეები – არჩილ ბოკერია და ბესო არველაძე არიან.

„უეფას“ მწვრთნელთა განათლების ფუტსალის „ბ“ ლიცენზიის სასწავლო კურსზე სულ 12 მონაწილეა და ყველა მოქმედი ან ვეტერანი ფუტსალელია – ნიკოლოზ ჩალაძე, ალექსანდრე ძაბირაძე, როსტევან ფარცვანია, შოთა თოფურია, შოთა ჭანუყვაძე, დავით ბობოხიძე, დიმიტრი მაყიშვილი, ალექსანდრე ჯამბურია, კახაბერ მაისაია, ბაჩანა აბაშიძე, რეზო დევდარიანი, ბესარიონ ზოიძე.