პირველად საქართველოში - ლა ლიგის ბიზნეს სკოლის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
პირველად საქართველოში - ლა ლიგის ბიზნეს სკოლის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

ქართულ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო – „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსზე ამიერიდან სწავლას საქართველოს წარმომადგენლებიც შეძლებენ.

კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო. ბიზნეს სკოლის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები კურსის განმავლობაში მსმენელს გაუზიარებენ ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას თანამედროვე სპორტის მარკეტინგის სფეროში. სემინარებს გაუძღვებიან ლა ლიგის ბიზნეს სკოლის დირექტორი ხოსე მოია გომესი და ლა ლიგის ბიზნეს სკოლის მარკეტინგის დირექტორი ედუარდო ლეგენდრე. ასევე ვასილ ლიპარტელიანი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი, ანატოლი კორეპანოვი – საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მოწვეული კონსულტანტი სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე;

პროგრამის ერთ-ერთი ორგანიზატორია „სპორტ სოლუშენის“ დამფუძნებელი შოთა გოგიტაური, თბილისის „ლოკომოტივის“  საფეხბურთო სკოლის ღონისძიებების მენეჯერი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე;

კურსების ჩატარებაში ჩართულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ბრენდის დირექტორი თათია ბურდული წარმოადგენს.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ექსპერტები წაიკითხავენ შემდეგ მოდულებს: ახალი მარკეტინგის აღზევება; სპორტული მარკეტინგის ევოლუცია; „ლა ლიგა“ – გლობალური ბრენდის პოზიციონირება; „ლა ლიგა“ – სოციალური მედიის სტრატეგია, ბიზნესის, ბრენდის და გლობალიზაციის სტრატეგია.

ადგილობრივი ექსპერტები წაიკითხავენ შემდეგ მოდულებს: სტრატეგიული მართვა; სპორტული მარკეტინგი საქართველოს მაგალითზე და სპორტის მმართველობა საქართველოში.

კურსები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სასტუმრო „კოპალა წყნეთში“ 18 იანვარს დაიწყება და 29 იანვრამდე გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მეშვეობით.