პირველად ისტორიაში - ტოპ-5 საფეხბურთო ლიგის მატჩში ერთდროულად ოთხმა ქართველმა ითამაშა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – პირველად ტოპ-5 საფეხბურთო ლიგის შეხვედრისას მოედანზე ერთდროულად ოთხი ქართველი იმყოფებოდა.
„პარი სენ-ჟერმენმა“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, „მეცს“ უმასპინძლა. თავიდან „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში თამაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა დაიწყო, მეორე ტაიმში კი შეცვლაზე პარიზელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია (64), „მეცში“ კი გიორგი აბუაშვილი (66) და გიორგი ქვილითაია (79) შევიდნენ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ თამაში დამაჯერებლად მოიგო – ანგარიში დეზირე დუემ მე-3 წუთზე გახსნა, ბრედლი ბარკოლამ (45+3) სხვაობა გაზარდა, ხოლო საბოლოო შედეგი გონსალო რამოშმა (77) დააფიქსირა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 23 ტურის შემდეგ 54 ქულა დააგროვა, „ლანსს“ (52) გადაასწრო და კვლავ პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო „მეცი“ (13) ბოლო პოზიციას იკავებს.