პირველად ისტორიაში - „დენვერი“ NBA-ის ჩემპიონია, იოკიჩი ფინალების საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT

„დენვერ ნაგეტსმა“ 47-წლიან ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა – პირველად გახდა NBA-ის ჩემპიონი.

2022-23 წლების სეზონის ფინალურ სერიაში კოლორადოელებმა „მაიამი“ 4:1 დაამარცხეს. გადამწყვეტი, მეხუთე შეხვედრა დენვერში გაიმართა და ადგილობრივი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 94:89.

ფინალური სერიის საუკეთესო კალათბურთელად „ნაგეტსის“ სერბი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი დასახელდა.

„მისია შესრულებულია, ახლა შინ წასვლაც შეიძლება. „მაიამი“ ძალიან კარგი გუნდია. ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოდა, თუმცა ბოლო შეხვედრა ის შემთხვევა იყო, როდესაც დაცვამ თავდასხმას აჯობა: „მაიამიმ“ 89 ქულა ჩააგდო. თამაში ამიტომაც მოვიგეთ“, – განაცხადა იოკიჩმა, რომელმაც შეხვედრა 28 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა. მაიამელ ჯიმი ბატლერს 21 ქულა ჰქონდა.