პირველად ისტორიაში - „ბენდელას“ თასი უცხოურმა გუნდმა მოიგო
პირველად ისტორიაში - „ბენდელას“ თასი უცხოურმა გუნდმა მოიგო

„ბენდელას“ თასის ისტორიაში პირველად, ტურნირი უცხოური გუნდის გამარჯვებით დასრულდა – „საბურთალოს“ ორგანიზებით ჩატარებული საიუბილეო, 30-ე გათამაშება ალმატისყაირატმა“ მოიგო.

„ბენდელას“ სტადიონზე გამართული გათამაშების ნახევარფინალში თბილისის „დინამომ“ ტურნირის მასპინძელი „საბურთალო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში „ყაირატს“ დაუპირისპირდა, რომელმაც „გორს“ ანგარიშით 7:0 აჯობა.

ფინალში თბილისის „დინამოს“ აკადემია უპირატესობას ფლობდა და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა ყაზახური გუნდის მეკარემ, გუნდი არაერთხელ გადაარჩინა და ძირითადი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.

ტურნირის დებულებით, პენალტების სერია დაინიშნა, სადაც „ყაირატის“ მეკარემ ორი დარტყმა მოიგერია, ერთი შესრულების შემდეგ ყაზახები ძელმა იხსნა და ალმატელებმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს – „ყაირატი“ პირველი უცხოური გუნდია, რომელმაც ეს გათამაშება მოიგო.

„ბენდელას თასის“ გათამაშების მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობაა. წლებია, ტურნირი იმართება, ბევრ ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია და უფრო და უფრო პოპულარული ხდება. წელს პირველად მოხდა, როცა უცხოურმა გუნდმა გაიმარჯვა, რაც ქართული საფეხბურთო აკადემიებისთვის გამოწვევაა, რომ მომავალში უფრო წარმატებით ვიმუშავოთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „ბენდელას“ თასის ორგანიზატორი, „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გამარჯვებული გუნდის, „ყაირატის“ მწვრთნელმა, ელდარ გასანოვმაც გააკეთა: „კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო. ბავშვების გაზრდისა და წინსვლისთვის სწორედ ასეთ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და გამოცდილება სჭირდებათ. მიხარია, მთავარი პრიზი უცხოელებიდან პირველად ჩვენ რომ მოვიპოვეთ. ფინალში თბილისის „დინამოს“ სახით ძლიერი მეტოქე გვყავდა – დასამალი არაა, თბილისელებს მოგება შეეძლოთ. მიხარია, რომ საბოლოოდ მეტოქე დავამარცხეთ და სამშობლოში გამარჯვებულები ვბრუნდებით“.