პირველად - გულშემატკივარი გურული დერბის პირდაპირ ტრანსლაციას იხილავს
პირველად - გულშემატკივარი გურული დერბის პირდაპირ ტრანსლაციას იხილავს

მესამე წელია, რაც ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ფეხბურთის ფედერაცია მატჩებს პირდაპირ ტრანსლაციების ორგანიზებას უწევს.

გადაიცემა ეროვნული ლიგის ყველა მატჩი და ლიგა 2-ის ცენტრალური დაპირისპირება. მაგრამ ახლა სფფ-ს ინიციატივით, ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, გულშემატკივარი ეროვნული ლიგა 3-ის შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას იხილავს.

საქმე ეხება გურულ დერბის, რომელიც ლანჩხუთში გაიმართება და „გურია“ ჩოხატაურის „ბახმაროს“ დაუპირისპირდება. ეს რეგიონის ტრადიციულად პრინციპული დაპირისპირება, ახლა კი ორივე გუნდი ლიგა 2-ში გადასვლისთვის იბრძვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რომლის მოგებითაც 80-90 პროცენტით ფლეი-ოფში გასვლას გავინაღდებთ. ძალიან მძიმე მატჩი გველის, „ბახმარო“ ძლიერი გუნდია და არაფერს დაგვითმობენ, მითუმეტეს გურული დერბია. ჩემი აზრით ასეთი დაპირისპირებები ალამაზებს ქართულ ფეხბურთს.“ – ამბობს ლანჩხუთის „გურიას“ გამოცდილი მოთამაშე თენგიზ ჩიკვილაძე, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ წამყვანი მოთამაშე იყო.

„გურია“-„ბახმარო“ 8 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლიაციას ვებ-გვერდი liga3.gff.ge შემოგთავაზებთ.