პირველად ავტოსპორტის ისტორიაში - საქართველოში FIA RALLY STAR იწყება [ვიდეო]

პირველად არსებობის ისტორიაში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იწყებს ოთხწლიან მასშტაბურ პროექტს სახელწოდებით Fia Rally Star , რომელსაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაც უერთდება. პროექტის მიზანია, მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის „რალი“- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება. პროექტში მონაწილე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრი 140-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ საქართველო იქნება პირველი, რომელიც ამ გრანდიოზულ პროექტს, Fia Rally Star გახსნის.

პირველი შესარჩევი ციკლი 14 თებერვალს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“-ს ავტოსადგომზე, დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ორი თვის განმავლობაში სამი შესარჩევი (თბილისი, თელავი, ქუთაისი) და ერთი ფინალური (თბილისი) ეტაპი გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო 20 ბიჭი და 10 გოგონა. 14 მარტს საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად.

Fia Rally Star Georgia – ს შესარჩევის ფორმატი:

ორგანიზატორის მიერ იქნება გამოყოფილი სამი იდენტური ავტომობილი.

შესარჩევის დღეს პირველ ეტაპზე მონაწილეებს მოუწევთ, გაიარონ იდენტური ჩქაროსნული სლალომი, ხოლო საუკეთესო 30 ბიჭი და 15 გოგო გადავა მეორე ეტაპზე.

საუკეთესო შედეგი ვლინდება ნაჩვენები დროისა და უშეცდომოდ გავლილი მონაკვეთების შეჯამებით.

Fia Rally Star Georgia – ზე მონაწილეობისთვის აუცილებელია:

აკმაყოფილებდეთ ასაკს 18 – 26 წლის ჩათვლით.

გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ლინკზე შესაბამისი ლოკაციის მიხედვით.

გქონდეთ მართვის მოწმობა.

დაიცვათ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები.

დაფაროთ რეგისტრაციის საფასური – 20 ლარი.

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, თითოეულ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ პირველი 150 მსურველი.

არ დაიშვებიან მონაწილეები , რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე ეტაპზე მოხვედრილები არიან ათ საუკეთესო მრბოლელს შორის.