პირველად 10 წლიანი პაუზის შემდეგ - „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ კონფერენციის ფინალში იასპარეზებს [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციაში პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „ჰიუსტონს” სერიის რიგით მეხუთე მატჩი დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო (119-96) და კონფერენციის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ფრენკ ფოგელის გუნდში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 29 ქულითა და 11 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. 13 ქულითა და 11 მოხსნით შემოიფარგლა ენტონი დევისი. მარკიფ მორისმა 16 ქულა დააგროვა. 17 ქულა მიითვალა კაელ კუზმამ. 14 ქულით დაასრულა მატჩი დენი გრინმა.

„როკეთსის“ რიგებში ყველაზე მეტი 30 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. ვესტბრუკის ანგარიშზე 10 ქულაა.

„ლეიკერსმა“ 10 წლიანი პაუზის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მისი მეტოქე „კლიპერსსა“ და „დენვერს“ შორის გამარჯვებული იქნება.