პეტრო პოროშენკომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა
პეტრო პოროშენკომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს თავისუფლების ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია კიევში გაიმართა, სადაც ოლანდი ვიზიტით იმყოფება.
„ეს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო არის ჩვენი უსაზღვრო მადლიერების სიმბოლო იმ პრინციპული პოზიციისთვის, რომელიც ფრანსუა ოლანდმა ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისას გამოავლინა“, – დაწერა პოროშენკომ „ტვიტერში“.

პეტრო პოროშენკომ ოლანდის თავისუფლების ორდენით დაჯილდოების შესახებ განკარგულებას ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი. მაშინ აღნიშნული ჯილდო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდა, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და გერმანიის ყოფილ პრეზიდენტს, იოაჰიმ გაუკს მიაკუთვნეს.

გარდა ამისა, პოროშენკომ ოლანდთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის წიგნი „ძალაუფლების გაკვეთილები“ უკრაინულ ენაზე ითარგმნება.
ფრანსუა ოლანდმა მემუარები გამოაქვეყნა, რომელშიც მინსკში 2015 წლის თებერვალში „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში უკრაინის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებების პროცესს აღწერს .