პეტრო პოროშენკო - რუსეთს ტაქტიკური ომი მოვუგეთ
პეტრო პოროშენკო - რუსეთს ტაქტიკური ომი მოვუგეთ

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინამ რუსეთს ტაქტიკური ომი მოუგო.

აღნიშნული განცხადება მან უმაღლესი რადას სპეციალურ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 5 წლისთავს მიეძღვნა.

„ეს ომი მოსკოვმა იმის გამო დაიწყო, რომ აქ, კიევში, ევროპულ მაიდანზე, მოსკოვმა წააგო ცივილიზაციური ბრძოლა უკრაინისთვის“, – განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, რუსეთის გეგმა, რომ დაეშალა უკრაინა, არ შედგა.

„ახლა პუტინი შესანიშნავად ხვდება, უკრაინის დაკარგვა ნიშნავს, რომ მისი გეგმა, აღადგინოს რუსეთის იმპერია, ჩაიშალა. ეკონომიკურად ისინი ამას ვერ გააკეთებენ, რადგან ახლა ფსონები ძალიან მაღალია“, – განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა პუტინის მიზანი ევროპის დაშლაა.

„პუტინის ოცნებაა, რუსეთზე დამოკიდებული სატელიტი სახელმწიფოების სარტყელი შექმნას, რომელთა სუვერენიტეტი ნომინალურია. ასეთი ქვეყნების მაგალითი ჩვენთვის ცნობილია“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, რუსეთი აუცილებელად წააგებს ომს.

„ხუთ წელიწადში პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს. ტაქტიკური ომი ჩვენ მოვიგეთ. როდის მივაღწევთ სტრატეგიულ და საბოლოო გამარჯვებას, ეს ჩვენს ერთიანობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.