„პეტრო არენაზე“ სამწვრთნელო კურსი დაიწყო - მონაწილეთა შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშეებიც არიან #1TVSPORT
„პეტრო არენაზე“ სამწვრთნელო კურსი დაიწყო - მონაწილეთა შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშეებიც არიან #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების „ა“ ლიცენზიის წლის პირველი კურსი დაიწყო. ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

კურსის მსმენელები ინფორმაციას შემდეგი თემების შესახებ მიიღებენ: კურსის ფილოსოფია, სავარჯიშო მეთოდოლოგია, სამწვრთნელო მეთოდოლოგია, შეტევაში თამაშის ორგანიზება და მეკარის როლი და დაცვაში თამაშის ორგანიზება. კურსი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.

კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს მოდულთან ერთად, საგამოცდო ნაწილს მოიცავს. „ა“ ლიცენზიის კურსზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 20 მონაწილე ირიცხება, მათ შორის ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშეებიც.

ლიცენზიის მაძიებელ მწვრთნელებს სფფ-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ წარმატება უსურვეს და უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც უეფა-ს სამწვრთნელო განათლების უმაღლესი სერთიფიკატის, Pro ლიცენზიის წინა საფეხურია.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების „ა“ ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფა-ს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

დატოვე კომენტარი