„პეტრო არენაზე“ პროფლიცენზიის კურსები გაიმართა #1TVSPORT
„პეტრო არენაზე“ პროფლიცენზიის კურსები გაიმართა #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების პროფლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული გაიმართა, რომელსაც უეფა-ს ჯირა პანელის წევრი გენადი სკურტული ესწრებოდა.

უეფა-ს პროფლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება. მიმდინარე კურსზე 15 მონაწილე ირიცხება. სწავლება ორწლიან პერიოდზეა გადანაწილებული – მოიცავს პრაქტიკულ, თეორიულ სამუშაოებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საგანმანათლებლო ვიზიტებს. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინსტრუქტორებისგან იღებენ.

მიმდინარე კურსების ძირითადი განსახილველი თემა ტაქტიკური პერიოდიზაცია გახლდათ. ამასთან ერთად, სასწავლო კურსის მონაწილეებმა საქართველო – შვედეთისა და საქართველო U21 – ინგლისი U21-ის მატჩები განიხილეს. მეხუთე მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მუშაობას.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

Pro ლიცენზიის კურსთან ერთად „დავით პეტრიაშვილი არენამ“ ტუტორთა გადამზადების სემინარის მეშვიდე მოდულს უმასპინძლა. აღნიშნული მოდულის მთავარი თემა საჩვენებელი გამოცდა გახლდათ.