პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს  #1TVSPORT
პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს  #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალ ჭიდაობაში ხუთი წონითი კატეგორიის სპორტსმენები ასპარეზობდნენ.

საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ტარზან მაისურაძე (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგან ორს – მაისურაძეს და პეტრიაშვილს კონტინენტის პირველობაზე ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში პოლონელ რობერტ ბარანს შეხვდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. გენო ხვალ ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება, რომელთანაც წინა ევროპის პირველობაზე საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხდა. მეორე ქართველი მირიან მაისურაძე ფინალში გასასვლელად თურქ აკტურტს შეხვდა და დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

დღეს კონტინენტის პირველობაზე იმ ხუთ წონაში გათამაშდება მედლები, რომლებშიც ფინალისტები გუშინ გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრები ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) იჭიდავებს – ფინალში მისი მეტოქე სომეხი არმან ანდრეასიანი იქნება.

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ელიზბარ ოდიკაძეც, რომელმაც რეპეშაჟის ნახევარფინალში ლიეტუველი ლუკას კრასაუსკასი დაამარცხა და ფინალურ ბლოკში მედლისთვის იჭიდავებს.