პეტრიაშვილი და მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
პეტრიაშვილი და მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის სპორტსმენები (თავისუფალი სტილით მოჭიდავეები) ასპარეზობენ.

საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ტარზან მაისურაძე (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგან ორი – მაისურაძე და პეტრიაშვილი კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში იჭიდავებენ. ფინალში გასასვლელად მირიან მაისურაძე თურქ აკტურტს შეხვდება, ხოლო მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში პოლონელ ბარანს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალები 18:45 საათზე გაიმართება. დღესვე, 20:00 საათიდან კი კონტინენტის პირველობაზე იმ ხუთ წონაში გათამაშდება მედლები, რომლებშიც ფინალისტები გუშინ გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრები ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) იჭიდავებს – ფინალში მისი მეტოქე სომეხი არმან ანდრეასიანი იქნება.

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ელიზბარ ოდიკაძეც, რომელმაც რეპეშაჟის ნახევარფინალში ლიეტუველი ლუკას კრასაუსკასი დაამარცხა და ფინალური ბლოკში მედლისთვის იჭიდავებს.