პეტრე ცისკარიშვილი - ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა კონსტრუქცია, რომ უკრაინა, ევროკავშირი და აშშ არიან „ნაციონალები“
პეტრე ცისკარიშვილი - ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა კონსტრუქცია, რომ უკრაინა, ევროკავშირი და აშშ არიან „ნაციონალები“

ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა კონსტრუქცია, რომ უკრაინა, ევროკავშირი და აშშ არიან „ნაციონალები“, – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

ცისკარიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველას ატყუებს, თითქოს პოლიტიკიდან წავიდა, ხოლო როდესაც პრობლემა დაუდგა მის პირად კაპიტალს, „მაშინ გამოდგნენ მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დაქირავებული ექსპერტები და მოთქვამენ“.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში რა აღარ გადახდა ამ ქვეყანას ან გლობალური მასშტაბით მთელ მსოფლიოს, დაწყებული კოვიდ პანდემიით, ეკონომიკური კრიზისით და დამთავრებული ბოლო მოვლენებით, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. კოვიდ პანდემიის დროს 17 ათასი ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, ეკონომიკა ჩავარდა უმძიმეს კოლაფსში, ჩვენი თანამემამულეები იბრძვიან უკრაინაში საკუთარი ქვეყნის დასაცავად საერთო აგრესორისგან, რუსეთისგან. არც ერთ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია კომენტარი და არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად ქართული საზოგადოების წინაშე, ისაუბროს, რას გეგმავს, საით მიდის ქვეყანა, ის და მისი „რუსული ოცნება“. ის ატყუებს ყველას, თითქოს პოლიტიკიდან წავიდა, არ ერევა და გვერდზეა გამდგარი. მხოლოდ მაშინ, როდესაც პრობლემა დაუდგა მის პირად კაპიტალს და ფულს – ნახევარ მილიარდ დოლარს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანდო შვეიცარიულ ბანკში, მხოლოდ მაშინ გამოდგნენ მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დაქირავებული ექსპერტები და მოთქვამენ, ტირიან, რა ხდება, რატომ არ უბრუნებენ, უფერხებენ ტრანზაქციას ბიძინა ივანიშვილს.

შემოგთავაზებთ, როგორია კონსტრუქცია, რომელიც ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა. უკრაინა, ევროკავშირი და აშშ – ყველა არიან „ნაციონალები“, მათი გაგებით; ითრევენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში და ამას აკეთებენ იმისთვის, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი, დაიწყოს ომი. ანუ, რისი თქმა უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა მთავარი ფაქტორი, ვის გამოც შეიძლება, ომი დაიწყოს და არა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამას აბსურდულად აბრალებენ და ომის პარტიას ეძახიან. ამ ყველაფრის გარშემო ეს „ნაციონალები“, აშშ და ა.შ. კოორდინაციაში არიან შვეიცარიულ ბანკთან. ასეთი რაღაცის გაყიდვა უნდა ამ ადამიანს საზოგადოებაზე, საკუთარ ამომრჩეველზე. ამ აბსურდზე აქვთ აწყობილი პიარი, რომ როგორღაც გადაარჩინონ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი. თუ ის პოლიტიკაში აღარაა და კერძო პირია, რატომ გამოდგნენ და ცდილობენ, დაიცვან მისი შემოსავლები; იმიტომ, რომ ჩვენთან არის კლასიკური ოლიგარქიული მმართველობა. უახლოეს დღეებში ის გეგმავს პრესკონფერენციას და ჩვენ უნდა დავუკვირდეთ და არ მივცეთ საშუალება ამ ადამიანს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე ივაჭროს თავის ბანკთან ან სხვა საფინანსო ინსტიტუციებთან და დასავლეთთან, თუ თქვენ რამით დამემუქრებით, მაშინ მე საქართველოს მართლა საბოლოოდ რუსეთის გუბერნიად გადავაქცევო; უნდა დავაკვირდეთ, რომ ამგვარი კონსტრუქცია არ არსებობდეს, თორემ მაშინ მართლაც ძალიან სწრაფად დასრულდება ჩვენი დასავლური მისწრაფებები“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.