პეტრას აუსტრევიჩუსი - ველოდებით, რომ არჩევნები საქართველოში იქნება თავისუფალი, სამართლიანი და შედეგს აღიარებს ყველა პოლიტიკური პარტია
ველოდებით, რომ არჩევნები საქართველოში იქნება თავისუფალი, სამართლიანი და შედეგს აღიარებს ყველა პოლიტიკური პარტია, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ონლაინ დისკუსიის დროს გააკეთა, რომელიც საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს ეხებოდა.
პეტრას აუსტრევიჩუსის თქმით, 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები არის ხელისუფლების ნდობის ტესტი.
„არავინ ელოდებოდა, რომ მუნიციპალური არჩევნები რომელიმე პარტნიორ ქვეყანაში ამხელა ყურადღებას დაიმსახურებდა. ჩვენ ვართ პოლიტიკური დრამის ეპიცენტრში. მეც არ ველოდებოდი, რომ ეს არჩევნები ასეთი დრამატული იქნებოდა, იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დღე ქართველებისთვის და ჩვენთვისაც. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ ევროინტეგრაციის კურსი მხოლოდ განცხადებებს არ ეფუძნება, არამედ რაღაც უფრო ხელშესახებს. ჩვენ არჩევნების შედეგად ველოდებით სამ მთავარ ელემენტს, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და რომ შედეგს აღიარებს ყველა პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან სტანდარტული პროცედურა ყველა არჩევნებისთვის, რომელიც იმართება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და პარტნიორ ქვეყნებში.
ამიტომ უკიდურესი პოლარიზაციისა და ფიზიკური დაპირისპირების ხილვის ფონზე, მე ვერ ვიტყვი, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდი და თანაბრად კონკურენტული, ინფორმაციული იყო. არსებობს რაღაცები, რომელთა ნახვაც არ მოგვწონს განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ჩვენ გვაქვს ჯენტელმენური შეთანხმება, რომელიც შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს პარტიებმა, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ჯენტელმენობის დანაკლისს განვიცდით, ეს ძალიან საწყენია. თუ ჩვენ მოვაწერთ ხელი შეთანხმებას, მაშინ ის უნდა დავიცვათ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთი პარტია გავიდა ამ შეთანხმებიდან, ზოგი ვალდებულება არ შესრულდა და ახლა ვსვამ მთავარ კითხვას – იქნება თუ არა შესრულებული შეთანხმების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია თუ არ მიიღებს ამომრჩეველთა 43%-ის მხარდაჭერას, მაშინ დაინიშნება ადრეული არჩევნები? მიუხედავად ყველა ინტერპრეტაციისა, შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები არის ერთგვარი ხელისუფლების ნდობის ტესტი. მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დემოკრატიული მიდგომა აჩვენონ ამომრჩევლების მიმართ. ეს არჩევნები არის ქართველებისთვის და არა ჩვენთვის. ჩვენ ველოდებით დემოკრატიის მორიგ ტესტს საქართვლოში, რომლის შედეგი დაადასტურებდა საქართველოს მდგრადობას ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევის ნებიმისმიერი მცდელობისადმი ან ამ კურსის შეფერხებისადმი. ჩვენ ველოდებით, რომ საარჩევნო კამპანიის დარჩენილი დღეები იქნება მშვიდი და დამკვირვებლების მაღალი მოლოდინები გამართლდება. ევროინეგრაცია არის გარანტია დემოკრატიზაციისთვის, მარგამ დემოკრატიზაცია არის გადამწყვეტი საქართველოს ევროპეიზაციისთვის. ეს ორი რამ დაკავშირებულია და ორივე პროცესი უნდა განვითარდეს“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.