პეტერ მადიარმა ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებზე მიიწვია
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
ისრაელის მხარემ განცხადებაში საუბარი „გულთბილად“ შეაფასა. პეტერ მადიარმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ბუდაპეშტში, უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებზე მიიწვია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შემოთავაზება მიიღო და, თავის მხრივ, მადიარი იერუსალიმში მთავრობათაშორის შეხვედრაზე მიიწვია.
ცნობისთვის, მანამდე პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დააბრუნებს. სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი ღაზაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამო გასცა. უნგრეთის მოქმედმა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, რომელმაც მალე თანამდებობა უნდა დატოვოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცედურა 2025 წლის აპრილში დაიწყო, სწორედ იმ დღეს, როდესაც ბუდაპეშტში ნეთანიაჰუს უმასპინძლა. უნგრეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, ვალდებული იყო, ნეთანიაჰუ დაეკავებინა.