პეტერ მადიარი - მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ კორუფციის წინააღმდეგ, ამასთან, არ შეგვიძლია, მივიღოთ შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება უნგრეთის კონსტიტუციურ სისტემას
პეტერ მადიარი - მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ კორუფციის წინააღმდეგ, ამასთან, არ შეგვიძლია, მივიღოთ შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება უნგრეთის კონსტიტუციურ სისტემას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაყინული ფონდების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა „ძალიან ახლოსაა“. ამასთან, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტისას მადიარმა აღნიშნა, რომ უნგრეთსა და ევროკავშირს შორის საკითხების უმეტესობაზე შეთანხმება მოხერხდა.

„ჩვენ, ორი-სამი კვირაა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვცდილობთ, გავაკეთოთ ის სამუშაო, რომლის გაკეთებაც ვიქტორ ორბანმა და მისმა კოლეგებმა ორ-სამ წელიწადში ვერ შეძლეს ან არ ისურვეს. ევროპულ ინსტიტუტებსა და უნგრეთის მთავრობას შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. იმ გაგებით, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რაც შეიძლება მკაცრად კორუფციის, მისი ყველა ფორმის წინააღმდეგ და, მართლაც, ყველაფერი უნდა გაკეთდეს კორუფციის შესაძლო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ შესწორებების წინადადებები, რომლებიც პოტენციურად ეწინააღმდეგება უნგრეთის კონსტიტუციურ სისტემას. ვფიქრობ, რომ ევროკომისია ამას გაიგებს, რადგან უნგრეთი სუვერენული ქვეყანაა, ისევე როგორც სხვა წევრი სახელმწიფოები“, – განაცხადა მადიარმა.

როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის ფონდების გათავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთის ეკონომიკისთვის, რომელიც სამი წელია, სტაგნაციაშია. გამოცემის ცნობით,  უნგრეთის ახალ მთავრობას 31 აგვისტომდე აქვს ვადა, განბლოკოს ევროკავშირის ფონდიდან 6.5 მილიარდი ევროს გრანტები და 3.9 მილიარდი ევროს იაფი სესხები.