პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მოჭადრაკე ​იუდით პოლგარს სთხოვს, უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს

01:54, 20.07.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ იუდით პოლგარს, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკე ქალად ითვლება, სთხოვს, უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, მშვიდობა და პრეზიდენტი, რომლითაც ყველა უნგრელი იამაყებს. პრეზიდენტობა სამსახური და სამუშაო ადგილი არ არის, ეს უმაღლესი მსახურებაა. პრეზიდენტის ამოცანაა, ემსახუროს და წარმოადგინოს ყველა უნგრელი“, – წერს უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში.

მადიარმა აღნიშნა, რომ 49 წლის პოლგარს შეუძლია, ერის ერთიანობის სიმბოლო გახდეს. მისივე განმარტებით, 20 ივლისს პოლგარს შეხვდება და ჰკითხავს, დათანხმდება თუ არა პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენას.

„იუდით პოლგარის კარიერა ყოველთვის მიღწევებზე იყო აგებული. მის გარშემო არსებული აღიარება არ არის განპირობებული პოლიტიკური კუთვნილებით ან კავშირებით – ეს გამორჩეული ნიჭის, შრომისმოყვარეობის, სამაგალითო პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერების შედეგია. ის უნგრელია, რომელმაც პატივისცემა და აღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ მსოფლიოში დაიმსახურა. პირადად ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ წარდგენას დათანხმდება“, – აღნიშნავს პეტერ მადიარი.

ცნობისთვის, უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც პეტერ მადიარის მმართველმა პარტიამ, „ტისამ“ გაატარა და მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებას, წყვეტს. პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, რომელიც თანამდებობაზე ახალი კონსტიტუციის მიღებამდე ან, მაქსიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში დარჩება.

მსგავსი