პერალესმა „დინამო“ დატოვა - ესპანელ მეკარეს ჩამოსვლის პრობლემა შეექმნა
პერალესმა „დინამო“ დატოვა - ესპანელ მეკარეს ჩამოსვლის პრობლემა შეექმნა

„მსურს გაცნობოთ, რომ ჩემსა და „დინამო თბილისს“ შორის ხელშეკრულება შეწყდა. სამწუხაროა გუნდის ამ გზით დატოვება, როცა ერთად ბევრი კარგი მომენტი და წარმატებები შევქმენით“ – სოციალურ ქსელში გამოქვენებული ამ წერილით დაემშვიდობა ხოსე პერალესი თბილისის „დინამოს“.

თბილისელთა ესპანელი ლეგიონერი 2019 წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, მაგრამ პირობებზე შეუთანხმებლობის გამო მან გუნდი დატოვა. თუმცა, მერე გუნდს მაინც შეუთანხმდა და საქართველოში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, პანდემიის დროს ესპანეთში დაბრუნებულს საქართველოში დაბრუნების პრობლემა შეექმნა.

„მადლობა გულშემატკივრებს, ვინც ბოლო წელიწადნახევარში სიყვარული მაჩუქეს და ჩემ მიმართ პატივისცემა გამოიჩინეს – მადლობა მათ, ვინც ჩემს ბოლოდროინდელ ამბებს განიცდიდა. მაგრამ დროა, გადაწყვეტილება მივიღო და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურო. იმედია, მალე ჩემს წარმატებებს კვლავ გაგიზიარებთ“ – წერს ხოსე პერალესი.

ამ პრობლემის შესახებ ესპანური გამოცემა „ვანგუარდია“ წერდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ნებართვა ბრიუსელისგან, რომ ევროკავშირის წევრ 14 სახელმწიფოში რეგულარული ფრენები განახორციელოს. ამასთან, რადგან თბილისს თითოეულ ქვეყანასთან ცალკე უნდა მოლაპარაკების მოწყობა, საჰაერო მიმოსვლა ივლისის შუა რიცხვებამდე ნორმალურ რეჟიმს ვერ დაბრუნდება“ – წერს გამოცემა.

თბილისური კლუბის განმარტებაშიც თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად სწორედ პანდემიის გამო შემქნილი პრობლემები დასახელდა.

„პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ესპანელი გოლკიპერის, ხოსე პერალესის თბილისში ჩამოსვლა დროში საკმაოდ გაიწელა. ამას თან დაერთო სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი, რომლის გავლაც მეკარეს მოუწევდა, რაც მის გუნდთან შეერთებას კიდევ უფრო გადაავადებდა. ამრიგად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბსა და გოლკიპერს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა. „დინამო თბილისი“ ხოსე პერალესს წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.