პეპ გვარდიოლა ნეიმართან ფეხბურთის თამაშს და კლოპთან ღვინის დალევას ისურვებდა #1TVSPORT

14:05, 21.09.2025

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ბლიც-ინტერვიუში დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი ისტორიაში, აგრეთვე ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც სიამოვნებით ითამაშებდა ერთ გუნდში…

– ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, რომელიც მწვრთნელის რანგში მოიგეთ?

– მეორე ჩემპიონთა ლიგა „ბარსელონასთან“ ერთად „უემბლიზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.

– დაასახელეთ ერთი ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც თამაში გსურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეთ ეს?

– კარგი კითხვაა… ნეიმარი.

– როგორ გსურთ, რომ საფეხბურთო სამყაროში დაგიმახსოვრონ?

– არა, არ მინდა, რომ მე ვახსოვდე. მირჩევნია, რომ დამივიწყონ.

– ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი?

– ასეთი ბევრია, მაგრამ, შესაძლოა, სერ ალექს ფერგიუსონი ტიტულების რაოდენობით საუკეთესოა.

– რომელ მწვრთნელთან ერთად ისურვებდით ღვინის დალევას?

– იურგენ კლოპთან, რადგან იოჰან კრუიფთან ერთად ეს ბევრჯერ გამიკეთებია.

– რომელი ტიტულის მოგებაა ყველაზე სასურველი ფეხბურთში?

– ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის.

– როცა საფეხბურთო მატჩს გულშემატკივრის რანგში უყურებთ, რას ამჩნევთ პირველ რიგში, რასაც უმეტესობა ვერ შეამჩნევდა?

– სქემას, განლაგებას და განსაკუთრებით ინდივიდუალურ თვისებებს. ვგიჟდები ამაზე.

– გჯერათ თქვენი სისტემის მოთამაშეებში ადაპტაციის თუ აიძულებთ ფეხბურთელებს, რომ თავად მოერგონ თქვენს სისტემას?

– ერთიც და მეორეც. ერთმა არ შეიძლება იარსებოს მეორეს გარეშე.

– ფეხბურთის გარდა, სპორტის საყვარელი სახეობა თქვენთვის?

– გოლფი.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– არა. მომწონს, როცა სახლში მაქვს ღვინო, წიგნები, მაგრამ მე სპეციალურად არ გავემგზავრები ავსტრალიაში კონკრეტული ღვინის შესაძენად. მე ამას არ ვაკეთებ.

მსგავსი