პეპ გვარდიოლა „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორს შეხვდა
პეპ გვარდიოლა „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორს შეხვდა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მილანში „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის შეხვდა. ამასთან დაკავშირებით, იტალიურ და ესპანურ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა.

მაგალითად, ესპანელმა ჟურნალისტმა მარიო გაგო უერტამ, რომელიც რადიოსადგურ „ონდა სეროში“ მუშაობს, დაწერა, რომ გვარდიოლა მართალია შეხვდა „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორს, მაგრამ დიდი ალბათობით, მაინც „სიტიში“ დარჩევა, თუნდაც ეს გუნდი ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის გამო ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხონ. რაც შეეხება პეპის მილანში ვიზიტს, მას საქველმოქმედი ხასიათი ჰქონდა.

საპირისპირო ინფორმაცია კი საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფედერიკო ჯენარელიმ „რადიო სპორტივადან“. ის ამტკიცებს, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს სამუშაოზე და სპეციალისტი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ასევე მან მიუთითა, რომ ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვეტილია.

ამ სეზონში „სიტიმ“ ყველა შიდა ტურნირის მოიგო – პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი. „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი გახდა. ამ სეზონის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს მასიმილიანო ალეგრი.